°

 

retour Page d'accueil

retour menu

დაბრუნება პირველ გვერდზე  დაბრუნება ქართულ მენიუზე

 

Les Confιrences de Rusudane DAUSHVILI

რუსუდან დაუშვილის მოხსენებები

1924 წლის აჯანყების თარიღის აღნიშვნა ემიგრაციაში 

ოთხი ქართველი ემიგრანტი კანადაში

რუსუდან დაუშვილი

1924 წლის აჯანყების თარიღის აღნიშვნა ემიგრაციაში 

 

პირველი ტალღის ემიგრანტებმა სამშობლო 1921 წლის ოკუპაციის, 1924 წლის აჯანყების დამარცხების ან რეპრესიების გამო დატოვეს. ესენი იყვნენ: მთავრობის, დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და თვალსაჩინო წევრები, ქართული არმიისა და გვარდიის შტაბების წარმომადგენლები, კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლი სამხედრო პირები, იუნკერთა სკოლის კურსანტები, მათი ოჯახები. უკან ვეღარ დაბრუნდნენ უცხოეთში მოღვაწე დიპლომატები, საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები, მეცნიერები, ხელოვნების დარგის მოღვაწეები, სტუდენტები. საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ 1922-23 წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ გასახლებული 90-მდე ინტელიგენტი და ისინი, ვინც საზღვარი საიდუმლოდ გადალახეს და საბჭოეთს თავი დააღწიეს. მათ ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა განსხვავებული ჰქონდათ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ყველა თავისებურად ეძებდა. მაგრამ ემიგრაციის ამ მრავალფეროვან და ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ სპექტრს აერთიანებდა სამშობლოს დიდი სიყვარული და სურვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

ლტოლვილების პირველი დიდი ნაკადი სტამბოლმა მიიღო. მამაკაცები ქართველ კათოლიკეთა მონასტრის სენაკებში დააბინავეს, მათი ოჯახები - საკონსულოში.

პარიზში ვიქტორ ჰიუგოს ქ.N44-ში მდებარე საქართველოს საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, სრულუფლებიანი ელჩი აკაკი ჩხნკელი სრულუფლებიანი მინისტრი გახდა. სხვა ქვეყნებში საელჩოები და საკონსულოები ლეგაციის ფილიალებად გადაკეთდა. ქართველ ლტოლვილებს პასპორტებს და იურიდიული სტატუს ლეგაცია აძლევდა, ათ სამუშაოზე მოწყობაში “შრომის საერთაშორისო ბიურო“ და მისი დირექტორი ალბერტ ტომასი ხმაებოდ. სტამბოლში მყოფი 400 ქართველს დახმარება “ერთა ლიგის ლტოლვილთა დამხმარე ამერიკულმა კომიტეტმა“ ითავ. 1921 წლის ბოლოს საქართველოს საელჩომ სამოქალაქო ომის ალში გახვეული სტამბოლიდან ევროპაში ლტოლვილთა გაყვანა და კონტრაქტების საფუძველზე ევროპის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლინეთი, ბელგია, შვეცია) დასაქმება “შრომის საერთაშორისო ბიუროს“ საშუალებით დაიწყო. ამის შემდეგ საკონსულოსა და აკაკი ხოშტარიას “თურქულ-სპარსული ბანკის“ თანამშრომელთა გარდა, რომელსაც ივანე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობდა, სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში ლტოლვილი ქართველები კიდევ მრავლად დარჩნენ. სტამბოლში ჩასული 69 იუნკერიდან 14 სამშობლოში დაბრუნდა. 5 იუნკერი საფრანგეთის სან-მიქსენის, 20 - საბერძნეთის, 30 - პოლონეთის სამხედრო სკოლებში გაიგზავნა. პოლონეთმა მიიღო ქართველ ოფიცერთა უმეტესობაც.

1924 წლის აგვისტოში ქართველ პატრიოტთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დამარცხებისა და რეპრესიების გამო თურქეთს და ირანს მეორე დიდი ნაკადი მიაწყდა. სექტემბრის ბოლოს თურქეთში აჯანყების გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა ჯგუფიც გადავიდა. მათთან ერთად იყვნენ: დამკომის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი სპირიდონ ჭავჭავაძე, პოლკოვნიკები დავით მხეიძე და სიმონ ყრუაშვილი. ხოფაში მათ შეუერთდა ჭიათურელ მეამბოხეთა ჯგუფი. მალე მათ მაგალითს აჯანყების მონაწილეთა გადარჩენილმა და რეპრესიებს გარიდებულმა ნაწილმაც მიბაძა. 9 კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის შალვა ამირეჯიბმა, სოლომონ ზალდასტანიშვილმა, ელისე პატარიძემ, მიხეილ ნადაშვილმა, ესე სარჯველაძემ საზღვარი ოქტომბერში გადალახეს. 1924-1930 წლებში საქართველო აჯანყების სხვა მონაწილეებმაც დატოვეს: დავით ვაჩნაძემ, გიორგი ყიფიანმა, ვალიკო ჩუბინიძემ, ალექსანდრე ცომაიამ, ჯაბა ხაბულიანმა, ალექსანდრე შათირიშვილმა, მიხეილ ქავთარაძემ, ფილიპე შარაძემ, შოთა ბერეჟიანმა, ნიკიტა იმნაიშვილმა და სხვებმა.

1920-იანი წლების ბოლომდე არა მარტო თურქეთისა და ირანის, არამედ ჩინეთის საზღვრის გადალახვა და მანჯურიაში გადასვლ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი, სადაც დიდი ქართული კოლონია არსებობდა. 1908 წელს ხარბინში დაარსებულ სათვისტომოს, რომელსაც 30 წელი ივლიანე ხაინდრავა ხელმძღვანელობდა, ჰქონდა ქართული სკოლა, კლუბი, ბიბლიოთეკა. ურთიერთდამხმარე საზოგადოება ახლადჩასულებს დაბინავებასა და სამსახურის შოვნაში შველოდა. მათ პარიზის ლეგაციასთან, ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირი დაამყარეს. შეძლებული ხარბინელი ქართველები ლეგაციას ფულით ეხმარებოდნენ.

 

1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობამ და დაწყებულმა რეპრესიებმა ევროპა დიდად აღაშფოთა. აჯანყების მხეცური ანგარიშსწორების შესახებ 11 სექტემბერს ერთა ლიგის მე-15 სხდომაზე საფრანგეთის დელეგატმა ჟან პოლბონკურმა ბელგიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების მიერ შეიმუშავებული პროექტი შეიტანა, რომელიც 1922 წლის 22 სექტემბრის რეზოლუციას იმეორებდა. კამათში გამოსულმა დელეგატებმა: ინგლისელმა მაკდონალდმა და მურეიმ, იტალიელმა ბონინ-ლონგარმა, ბელგიელმა დე ბრუკერმა და ფრანგმა ბონემ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. მეორე დღეს საქართველოს მთავრობის დელეგაციამ ერთა ლიგას ნოტა გადასცა.      

24-28 სექტემბერს ლონდონში ჩატარებულ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც რაკლი წერეთელი ესწრებოდა, მიღებული რეზოლუცია საქართველოში აჯანყების დროს ბოლშევიკთა მიერ ჩადენილი მხეცური ანგარიშსწორებას გმობდა. 30 ნოემბერს საქართველოში მთავრობის მიერ ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია იყო მიწვეული, რომლის ტენდენციური განცხადებების საპასუხოდ სდმპ საზღვარგარეთულმა ბიურომ დეკემბრის დამლევს ინგლისურ ენაზე გამოსცა ბროშურა “ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია საქართველოში ქართული ბოლშევიკური გაზეთების გადმოცემით“.

1925 წლის 29 იანვარს პიერ რენოდელის მიერ საფრანგეთის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვას საქართველოს მდგომარეობისა და ქართველ პატრიოტთა აჯანყების შესახებ, ევროპის პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიტყვა შემდეგ ფრანგულ ენაზე ბროშურად დაიბეჭდა “საქართველოს დამოუკიდებლობა და ბოლშევიზმის ინტერნაციონალური პოლიტიკა“. როცა 1925 წლის თებერვალში ლონდონში გამოვიდა “ოფიციალური ანგარიში ინგლისის ტრედუნიონების დელეგაციისა“, ნოე ჟორდანიამ, კარლო ჩხეიძემ და ნოე რამიშვილმა სდმპ საზღვარგარეთულ ბიუროს პრეზიდიუმის სახელით (ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული ბროშურით “ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია და საქართველო“) აპრილში ამ “ანგარიშს“ პასუხი გასცეს. ივლისში ირაკლი წერეთელმა ინტერნაციონალის სამდივნოს და ყველა ქვეყნის სოციალისტურ პარტიას წერილით მიმართა, რომელშიც იგი პარიტეტული კომიტეტის სასამართლო პროცესსა და აჯანყების შემდეგ დატრიალებულ რეპრესიებს ეხებოდა. ინგლისის ტრედუნიონების დელეგაციის მიწვევის შემდეგ ბოლშევიკებმა ინგლისელი მუშა ქალების, ფრანგებისა და ბელგიელების, აგრეთვე გერმანელი მუშათა დელეგაციები მიიპატიჟეს. ამ უკანასკნელთ საქართველოს სდმპ ცენტრალურმა კომიტეტმა და არალეგალურმა პროფკავშირების ბიურომ ფარულად მემორანდუმი გადასცა, რომელშიც რეალური ვითარება იყო ახსნილი, მაგრამ მათ ამ მემორანდუმისათვის მსვლელობა არ მიუციათ. ისევ საზღვარგარეთულ ბიუროს მოუწია მათი ევროპულ ენებზე ბროშურად გამოცემა: “საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დოკუმენტები“, რომელშიც პარტიის 3 არალეგალური კონფერენციის რეზოლუციებიც იყო შეტანილი.

პრესის ქართული ბიურო ჟენევაში, უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს საქართველოზე ინფორმაციას რეგულარულად აწვდიდა და მნიშვნელოვან პუბლიკაციებსაც ეხმაურებოდა 1925 წლის თებერვალში, საქართველოს დაპყრობის 15 წლისთავზე, ბიურომ მსოფლიოს 147 უმთავრეს გაზეთს მოწოდება დაუგზავნა, რომელშიც  წარმოჩენილი იყო სინამდვილეში რა მოხდა. აღწერილი იყო 1921 წლის საქართველოს ოკუპაცია, ერის ბრძოლა და 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზოგიერთმა გაზეთმა ინფორმაცია მთლიანად გადაბეჭდა, ზოგმა - საქართველს ცალკე წერილიც უძღვნა

1925 წელს ქართველი ერის სახელით, 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით, ერთა ლიგის მე-5 ყრილობას . ჩხენკელმა და . შავიშვილმა მიმართეს. საქართველოს დასაცავად ბონკური, მაკდონალდი, მორეი, დე ბრიუკერი გამოვიდნენ და რეზოლუცია მიიღეს, რომლითაც 1922 წლის აპრილის ყრილობის რეზოლუცია დაადასტურეს.

1924 წელს  ააჯანყების დამარცხების  პასუხად “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ლიგის“ მდივნის, ალისა მენარ-დორანისა და ვიცე-პრეზიდენტ ალფონს ოლარის მხარდაჭერით, კონსტანტინე გვარჯალაძის თავმჯდომარეობით “ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული სექცია“ შეიქმნა. 1925 წელს საერთაშორისო ლიგის საბჭომ პარიზის სხდომაზე ქართული ლიგის დელეგატის დავით შარაშიძის გამოსვლა მოისმინა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. რეზოლუციის მიხედვით: თუ რუსეთი საერთაშორისო ლიგაში შესვლას მოინდომებდა, საქართველოსთან უნდა შეეთანხმებინათ. თუ საქართველოს მიმართ ერთა თვითგამორკვევას მოითხოვდა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში სხვა სახელმწიფოთა მხრიდან დათმობები არ დაეშვათ.

1924 წელს ჟენევაში, სადაც ქართველები ცოტა იყვნენ, მაგრამ მრავალი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავდათ, ერთა ლიგასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილისა და “Journale de Geneve“- რედაქტორის ჟან მარტენის ინიციატივით დაარსდა “საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი“. კომიტეტმა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებისა და მიმართულების პოლიტიკოსებს და გაზეთების თანამშრომლებს აერთიანებდა, საქართველოს საკითხის გახმაურებაში მართლაც დიდი როლი შეასრულა. პრეზიდენტად ჟან მარტენი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად - ალბერ მალში. კომიტეტი ყოველწლიურად იწვევდა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს: 1924 წელს მიიწვიეს კარლო ჩხეიძე და 11 აპრილს საჯარო ასამბლეა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ედგარ მილომ, ჟან მარტენმა და ფრანკ ტომასმა, 1925 წლის ოქტომბერში კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს ნოე ჟორდანია, სიტყვით გამოვიდა ჟან მარტენი. ოქტომბრის ბოლოს ჩაატარეს საქართველოს კვირეული: 27 ოქტომბერს ინტერნაციონალურ კლუბში შეხვედრა მოუწყვეს ჟორდანიას, მეორე დღეს, 28 ოქტომბერს პრესცენტრისათვის გამართულ ბანკეტს 30 სახელმწიფოს წარმომადგენელი, დიპლომატი და ჟურნალისტი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ: ნოე ჟორდანია, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორები - ჟორჟ ვერნერი (ჟენევის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი), ბერნარ ბუვიე, ედგარ მილო და ალბერ მალში ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციისა და 1924 წლის აჯანყების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ რეპრესიულ გარემოზე. 29 ოქტომბერს გამართული ქართული კონცერტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა წიგნის “მოსკოვი და წამებული საქართველო“ ავტორი რაიმონდ დიუგე.

საერთაშორისო თანამეგობრობის გარდა 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ ემიგრაციაში, განსაკუთრებით კავკასიელებში. იმავე წლის ნოემბერში სტამბოლში კონფედერაცის საფუძვლზე შეიქმნა “კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტი“. აქტზე ხელი მოაწერეს ქართველებმა: მიხეილ წერეთელმა, დავით ვაჩნაძემ, ალექსანდრე ასათიანმა; აზერბაიჯანელებმა: ხოსროვ სულთან-ზადემ, აბდულა ალი ემირჯანმა, შეიხულ ისლამ-ზადემ; ჩრდილოკავკასიელებმა: ვასან გირეიმ, ჯაბაგიმ (ჩეჩენი), ალიხან კანტემირმა (ოსი), ჰაიტეკ ნამიტოვმა (ჩერქეზი). 1925 წელს კავკასიის კონფედერაციაში მონაწილეობაზე სომხებმა უარი განაცხადეს. “ოთხთა საბჭო“ “სამთა საბჭომ“ შეცვალა. ზაფხულში თურქეთში პოლონეთის ელჩის რომან კნოლის ფინანსური დახმარებით კონფედერაციის კომიტეტის 3 წევრი სამუშაოდ კავკასიის საზღვრებისაკენ გაიგზავნა: დავით ვაჩნაძე - არდაგანში, ალიხან კანტემირი - ყარსში, ხოსროვ სულთან-ზადე - სპარსეთში. კონფედერაციაში არ შედიოდნენ ქართველი მენშევიკები და აზერბაიჯანელი მუსავატელები, ამიტომ პოლონელებმა მას დახმარება მალე შეუწყვიტეს და მის ნაცვლად ნოე რამიშვილის მონაწილეობით ახალი “კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“ შექმნეს.

 

ემიგრაციაში ბრძოლის გასაგრძელებლად შეიქმნა ახალი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციები: წამყვანი პოლიტიკური პარტიების საზღვარგარეთული ბიუროები და მათი ადგილობრივი წარმომადგენლობები, მოხერხდა ყველა ქართული პოლიტიკური ძალის გაერთიანება. დაარსდა “ინტერპარტიული საზღვარგარეთის ბიურო“, საერთოქართული პოლიტიკური ორგანიზაციები: საიდუმლო “სტამბოლის პოლიტიკური კომისია“ და მასთან არსებული “სამხედრო კომისია“, “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, “პრომეთეს ფრონტი“, რომლებმაც წმინდა პოლიტიკურის გარდა სამხედრო, ეკონომიკური და დიდი კულტუროლოგიური მისიაც შეასრულეს კავკასიელების, საბჭოთა კავშირის მიერ დამონებული ხალხების პრობლემებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების გასახმაურებლად. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ გაერთიანება კიდევ უფრო აქტუალური გახდა, თუმცა მარცხის გამო ურთიერთბრალდებები კარგა ხანს გაგრძელდა. 1925 წელს შეიქმნა საერთო ფრონტი, რომელშიც სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ტფედერალისტები და სოციალისტ-რევოლუციონერები შედიოდნენ. უმთავრესად მასში ყოფილი მთავრობის წევრები გაერთიანდნენ, თუმცა ბევრი მათგანი ვერ მოხვდა, ამიტომ წინააღმდეგობა თავიდანვე დაჰყვა ამ ორგანიზაციას. ამასთან, 1924 წლის ჯანყების მარცხი ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა ქართული ემიგრაციისათვის - ბოლშვიკთა იოლი დამარცხებისა და საერთაშორისო ძალისხმევით საქართველოს სწრაფი გამოხსნის იმედების გაცრუებას ეროვნული ალიანსის დაშლა მოჰყვა. დაშლის პროცესი თვით წამყვან ქართულ პოლიტიკურ პარტიებშიც დაიწყო. “სხიველები“ ნოე რამიშვილის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატებს ადრევე გამოეყვნენ, განზე იდგა ირაკლი წერეთელიც. ყველაზე მეტად დაშლა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას შეეხო, რომელიც სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას და ალექსანდრე ასათიანის ჯგუფებად დაიყო. შ. ამირეჯიბი, ზ. ავალიშვილი, გ. კვინიტაძე, რ. გაბაშვილი ჟურნალ “კავკასიის“ გარშემო შემოკრებილ ე.წ. “ბამატის ჯგუფში“ შედიოდნენ. მენშევიკებთან თანამშრომლობდნენ: ფედერალისტები სამსონ ფირცხალავას, ესერები ილია ნუცუბიძისა და ივანე გობეჩიას მეთაურობით და ეროვნულ-დემოკრატთაგან გვაზავა-ზურაბიშვილის ჯგუფი. თუმცა შეიქმნა სხვა ახალი გაერთიანებებიც:  ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატთა, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციები, ზეპარტიული პატრიოტული ორგანიზაცია “მომავალი“, რომელსაც მერე “თეთრი გიორგი“ ეწოდა და “ქართული ფაშისტური დარაზმულობა“. 

ქართული ემიგრაციის დარაზმვაში დიდი როლი შეასრულა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნამ. რელიგიური და ეროვნული დღეობების გარდა - შობა-ახალი წელი, ნინოობა,  აღდგომა, თამარობა, 26 მაისი - აღინიშნებოდა ცნობილ მოღვაწეთა იუბილეები და  სამგლოვიარო, ტრაგიკული თარიღები. მათი აღნიშვნის ბიძგი გახდა საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლების რეპრესიები და 1923 წელს დამკომის სამხედრო ცენტრის დახვრეტა, რომელსაც “ქართველ მხედართა კავშირმა“ სტამბოლის კათოლიკეთა მონასტრის სტამბაში გამოცემული წიგნი მიუძღვნა „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას“.

ემიგრაციაში თავდაპირველად აღინიშნებოდა საქართველოს ოკუპაციის წლისთავი, როგორც სამგლოვიარო დღე. იხდიდნენ ცალკეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებსა და ხსოვნის დღეებს. პრესაში იბეჭდებოდა ნეკროლოგები არა მარტო ემიგრაციაში, არამედ საქართველოში გარდაცვლილ მოღვაწეებზე.

გლოვის დღედ იქცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების თარიღიც. ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში დაწვრილებით აშუქებდნენ ამ თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას.

პირველად ეს დღე პრაღის ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებამ აღნიშნა და აჯანყების წლისთავზე, 1925 წლის 31 აგვისტოს კრებაზე რეზოლუცია მიიღო, სტუდენტებმა კი აჯანყების დროს დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს და სიტყვებით გამოვიდნენ.

1926 წლის თებერვალში პარიზის ქართული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა აგვისტოს აჯანყების დროს დაღუპულთა “გლოვის დღე“ ყოველი წლის 29 აგვისტოს მომდვნო პირველ კვირაში აღენიშნათ. იმავე წლის აპრილში ბერლინის ქართველთა კოლონიაში აჯანყებისადმი მიძღვნილი კრება დავით საღირაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: ტიტე მარგველაშვილი, მიხეილ წულუკიძე, იოსებ ირემაშვილი, რომან მკურნალი. რუსეთის იმპერიის წინაღმდეგ მებრძოლ ქართველ ხალხს კრება რეზოლუციით მიესალმა. იმავე წლის 29 აგვისტოს, დღის 3 საათზე პარიზის ქართულმა კოლონიამ დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდი “სოსიეტე სავანის“ დარბაზში გადაუხადა. კრება კოლონიის თავმჯდომარე შალვა აბდუშელმა გახსნა. სომონ სტყვით გამოვიდნენ სიმონ ბერეჟიანი და სხვები. სამოქალაქო პანაშვიდი ოდენკურშიც გადაიხადეს და გამოსვლების შემდეგ რეზოლუცია მიიღეს. ბერლინის ქართულ კოლონიაში სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვა ჯერ თავმჯდომარე ალექსანდრე ფაჩულიამ წარმოსთქვა, შემდეგ ვლადიმერ ახმეტელმა და აზერბაიჯანელმა - ჯაფარ-ოღლუმ. რაფიელ ივანიცკი-ინგილო მას მიესალმა და ერთობლივი ბრძოლისაკენ მოუწოდა. გამოვიდნენ აგრეთვე ტიტე მარგველაშვილი და დავით საღირაშვილი. კრება დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. 30 აგვისტოს პრაღაში საგანგებო კრება ქართული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ვასო ქარცივაძემ გახსნა. ფეხზე ადგომით  დაღუპულებს პატივი სცეს და რეზოლუცია მიიღეს. კრება იქაც ”დიდებით“ დასრულდა.

1927 წლის 28 აგვისტოს პარიზის ქართულმა კოლონიამ დაღუპულებს პანაშვიდი ბერძენთა ეკლესიაში გადაუხადა. დენფორტის ქუჩაზე არსებულ დარბაზში სამგლოვიარო სხდომა ვახტანგ ღამბაშიძემ გახსნა. შალვა ამირეჯიბმა თავისი ელეგია წაიკითხა. სამგლოვიარო მუსიკის ფონზე, რომელსაც ორკესტრი ასრულებდა, ლექსები სხვებმაც წაიკითხეს. სხდოის ბოლოს ჰიმნი ”დიდება” შეასრულეს. იმავე დღეს სამგლოვიარო სიტყვები და რეზოლუცია ოდენკურშიც მოისმინეს, პრაღაში კი ქართულმა საზოგადოებამ აჯანყების სამი წლისთავის აღსანიშნავი სამგლოვიარო კრება 29 აგვისტოს სასტუმრო ”კოლხიდაში” გამართა. არზაყან ემუხვარის გამოსვლის შემდეგ, რეზოლუციაც მიიღეს.

1928 წლის 2 სექტემბერს საფრანგეთის ქართული საზოგადოების გამგეობამ აგვისტო-სექტემბერში დაღუპულთა ხსოვნის დღე ვახტანგ ღამბაშიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: იოსებ ნუცუბიძე, დავით ვაჩნაძე, სტუდენტი . თალაკვაძე, შეფიცული ლელო ჩიქოვანი და ვლადიმერ მელაძე. გერმანიაში ქართველთა გლოვის დღეს კავკასიელებიც დაესწრნენ. სიტყვით გამოვიდნენ: ქართული კოლონიის თავმჯდომარე სიმონ გეგელაშვილი, სომეხი . შაგინიანი, გიორგი კერესელიძე, ვახტანგ ღამბაშიძე და მიხეილ წულუკიძე. კრებამ ნოე ჟორდანიას მისალმება გაუგზავნა. პარიზში, ოდენკურში და სხვაგან დაღუპულთა მოსაგონარი კრებები ჩატარდა 1929 წლის 29 აგვისტოს და რეზოლუციებიც მიიღეს.

1931 წლის 30 აგვისტოს პარიზში ”Alliance Franηaise” ის დარბაზში მთელი ქართული კოლონიის თანდასწრებით გრიგოლ ფერაძემ აგვისტოს აჯანყების დროს დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადა. გალობდა ქართული გუნდი. შემდეგ გაიმართა ასოციაციის საზოგადოებრივი კრება ნოე ცინცაძის თავმჯდომარეობით. შალვა ამირეჯიბმა ისაუბრა აჯანყებაზე. 31 აგვისტოს დავით სხირტლაძის თავმჯდომარეობით საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების კრება გაიმართა. სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს და აჯანყების ეპიზოდები მოიგონეს. ასეთივე კრება პრაღაშიც გაიმართა და რეზოლუციაც მიიღეს. აგვისტოს აჯანყების მე-7 წლისთავი გერმანიის ქართველთა საზოგადოების გამგეობამაც აღნიშნა. კრება თავმჯდომარე მიხეილ წულუკიძემ გახსნა, შემდეგ ისაუბრეს: გრიგოლ დიასამიძემ, ნიკო ნაკაშიძემ, ერეთეოზ რამიშვილმა, აკაკი ხოშტარიამ. ბოლოს თავისი ლექსები წაიკითხა გელაზანიამ.

1932 წლის 23 ოქტომბერს ქართული კოლონიის სხდომა პარიზში საქართველოში აჯანყებების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. სხდომა გიორგი ჟურულმა გახსნა, 1922 წელს ხევსურეთის აჯანყებაზე მოგონებით დავით ვაჩნაძე გამოვიდა.

1934 წელს პოლონეთში კოტე იმნაძის ხელმძღვანელობით ქართულმა და კავკასიურმა კოლონიებმა აჯანყების 10 წლისთავი აღნიშნეს. სიტყვებით გამოვიდნენ ჩრდილოკავკასიელი გირეი სუნში, აზერბაიჯანელი მირზა ბალა, უკრაინელი კოვალსკი და პოლონელები. ბრიუსელში ქართულმა კოლონიამ პანაშვიდი უკრაინელთა ეკლესიაში გადაიხადა, ქართველებისა და უკრაინელების გარდა პანაშვიდს ყაზახები და ბელგიელებიც დაესწრნენ.

1935 წლის 1 სექტემბერს პარიზელმა ქართველებმა აგვისტოს აჯანყების მე-11 წლისთავი კვლავ ”Alians Francese“ დარბაზში აღნიშნეს. სიტყვით გამოვიდნენ: დავით სხირტლაძე, შალვა ამირეჯიბი, სამსონ ფირცხალავა, მოგონებით ქაქუცა ჩოლოყაშვილზე - შალვა ბერიძე.

1937 წლის 29 აგვისტოს ბერლინის კოლონიის კრებაზე სიტყვით დავით საღირაშვილი გამოვიდა, 1938 წლის 4 სექტემბერს კი - კოლონიის ახალი თავმჯდომარე კოკი კიზირია.

ევროპაში გაჩაღებულმა მეორე მსოფლიო ომმა, დიდი ხნით შეაჩერა ქართული ემიგრაციის საქმიანობა ევროპაში. მეტიც, ომმა მთელ ქართულ ემიგრაციას დიდი დარტყმა მიაყენა: როგორც ანტიგერმანულ ბანაკში, ასევე გერმანიის მხარეს მებრძოლთა სახით ომში ქართველმა ემიგრანტებმა დიდ მსხვერპლი გაიღეს და ომის დამთავრების შემდეგ დიდი დრო დაჭირდათ, რომ ომამდე არსებული პოზიციები ნაწილობრივ მაინც დაებრუნებინათ.

 


ლიტერატურა

1.       ადამიანის უფლებათა ლიგის ქართული სექცია – გაზ. `დამოუკდებელი საქართველო~, პარიზი, 1926, #3, გვ.4

2.       აჯანყების ორი წლისთავი _ გაზ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1926, #9, გვ.4

3.       ბერლინში _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1938, #150, გვ.15-16

4.       გვარჯალაძე . საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში, პარიზი, 1936

5.       გვარჯალაძე . საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობა საზღვარ-გარეთ, პარიზი, 1936

6.       დაუშვილი . ქართველები მანჯურიაში _ `ქართული დიპლომატია~, . XI, თსუ, 2004, გვ.135-147

7.       დაუშვილი . ქართული ემიგრაცია 1921-39 წლებში, თბ. 2007

8.       ემიგრაციაში (აგვისტოს აჯანყების დღე ბერლინში) _ ჟურნ. `კავკასია~, პარიზი, 1937, #6, გვ.29

9.       ემიგრაციის ცხოვრება _ ჟურნ. `სამშობლო~, პარიზი, 1931, #9-10, გვ.52  

10.     ერთა ლიგის 1922 . მე-3 კრებაზე მიღებული რეზოლუცია _ ჟურნ. `მებრძოლი საქართველო~, 1952, #2, გვ.4

11.     ვაჩნაძე . სამშობლოს სამსახურში _ ჟურნ. `ივერია~, პარიზი, 1992, #1, გვ.120-167

12.     ზურაბიშვილი ივ. საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, პარიზი, 1936

13.     კავკასიის კონფედერანცია (აქტები და კომენტარები), პარიზი, 1937

14.     კარგარეთელი ალ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პარიზი, 1981

15.     კვინიტაძე . მოგონებები, II, თბ. 1999

16.     ნოზაძეE. საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან ქართველ საზოგადო მოღვაწეთა გაძევება _ `კავკასიონი~, XVI-XVII, პარიზი, 1972-73

17.     ნოე ჟორდანია ჟენევაში _ ჟურნ. `ბრძოლა~, პარიზი, 1925, #5, გვ.18-20

18.     ჟენევაში, ერთა ლიგის V ყრილობაზე _ ჟურნ. `ბრძოლა~, პარიზი, 1925, #3, გვ.17-31

19.   „სამშობლოსათვის  თავდადებულ  გმირთა  ხსოვნას,  სტამბოლო, 1923

20.    ქართველები საფრანგეთში _ გაზ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1927, #21, გვ.4

21.     ქართველები გერმანიაში, ქართველები საფრანგეთში _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1931, #69, გვ.16

22.   ქართული კოლონიის კრება _ გაზ. `თეთრი გიორგი~, პარიზი, 1932, #55-57, გვ.15 

23.    შარაძე . უცხოეთის ცის ქვეშ, . III, თბ. 1993

24.    შარაძე . . საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ. 2003

25.    წერილი ვარშავიდან _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1934, #106, გვ.14-15

26.   ხსოვნის დღე _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1928, #33 გვ.13-14, 16

27.    1924 წლის აჯანყების წლისთავი _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1935, #117, გვ.16

28.    29 აგვისტოს მოგონება _ ჟურნ. `დამოუკიდებელი საქართველო~, პარიზი, 1929, #45 გვ.16

 


 

ოთხი ქართველი ემიგრანტი კანადაში

 VIDEO

 

XIX საუკუნის ბოლოს ბათუმში როტშილდის ქარხნების მოსანახულებლად ჩასულ ამერიკელ მრეწველებს საქართველოს სამხედრო გზაზე ოსების მიერ დარბეული, ჩრდილო ოსეთში მცხოვრები, ცოლშვილიანად აყრილი რაჭველები შემოხვდნენ, რომლებიც საქართველოში ბრუნდებოდნენ. პირველი 80-კაცანი ჯგუფი ამერკელებმა სწორედ მათგან შეარჩიეს და მიწის მუშებად ქალაქ სიეტლის რკინიგზის მშენებლობაზე წაიყვანეს. 50, 80, 100-კაციან ჯგუფებად XX საუკუნის 10-იან წლებშიც ჩაჰყავდათ მუშები რკინიგზის მშენებლობაზე მთარაჭიდან (ღები, ჭიორა, უწერა) და ჩრდილოეთ კავკასიიდან _ ალაგირიდან. ნაწილი ბალტიის ზღვის, ნაწილი _ შორეული აღმოსავლეთისა და იაპონიის გავლით. მათგან ბევრი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში. ზოგი დაიღუპა, ზოგი კი სამუდამოდ დარჩა ამერიკაში. ისინი ძირითადად ქალაქ სიეტლსა და მის მიდამოებში დასახლდნენ. მათი შთამომავლები `რეხონ~ – რეხვიაშვილები დღემდე არ წყვეტენ ურთიერთობას სამშობლოსთან. ერთ-ერთი მათგანის, ვოლტერ რეხვიაშვილის მოგონებათა წიგნის თარგმანი საქართველოში გამოქვეყნდა. მომდევნო წლებში მათ ემატებოდნენ მცირე ჯგუფებად ახლობლები რაჭიდან და დასავლეთ საქართველოს მცირემიწიანი რეგიონებიდან – ლეჩხუმიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, სვანეთიდან, აგრეთვე ჩრდილოეთ ჩინეთიდან, მანჯურიიდან

ამერიკასა და კანადას შორის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირის გარდა, თავისუფალი საზღვარიც არსებობდა, ამიტომ საზღვრისპირა რაიონებიდან მოსახლეობა კანადაში ადვილად გადადიოდა. რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. ქართველები კანადაში 1886 წელს ვანკუვერის დაარსებისთანავე გაჩნდნენ, რადგან ქალაქი მსხვილი სამრეწველო ცენტრი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო-სატრანსპორტო კვანძი და კანადის მთავარი ნავსადგური იყო. ქართველი მუშები ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და ხე-ტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ქართველთა რიცხვი ამ ორ ქალაქში მუდმივად იცვლებოდა, რადგან საჭირო თანხის მოგროვებისთანავე ისინი სამშობლოში ბრუნდებოდნენ, მათ ადგილს კი ახალმოსულები იკავებდნენ. ისინი ნელ-ნელა დასახლდნენ კანადის ქალაქებში: ტორონტო, ოტავა, ვანკუვერი, ედმონტონი და .. ამერიკასა და კანადას ქართველები ერთ გეოგრაფიულ ერთეულად მიიჩნევდნენ და `ჩრდილო ამერიკას~ უწოდებდნენ.

კანადელ ქართველებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ურთიერთდახმარების გარკვეული სისტემა, რისი წყალობითაც ადვილად ხდებოდა ადაპტაცია. გივი კობახიძე მოგვითხრობს, რომ ვანკუვერში მცხოვრებ 25 ოჯახს (მათთან ერთად მარტოხელებსაც), დაახლოებით 200-მდე ქართველს, XIX საუკუნის ბოლომდე რაჭაში შემორჩენილი ტრადიციის მიხედვით, სადაც ხშირი იყო დიდი, გაუყოფელი ოჯახები 4 თაობისა და 70-100 კაცის შემადგენლობით, შეუძენია ვეებერთელა, სამსართულიანი სახლი და ერთად დასახლებულა. ამ სათემო საზოგადოებას კანადელები გაუოცებია თავისი ზნეობრივ-მორალური და მეგობრული ქცევით. დიდი ოჯახების მსგავსად, რომლებსაც სათავეში უხუცესები ედგნენ და ყველა წევრს უნაწილებდნენ საქმეს, ვანკუვერის თემობასაც შეუქმნია უხუცესთა საბჭო, ქალთა კომიტეტი, ურთიერთდამხმარე სალარო, განათლების სექცია, გართობისა და კულტურის ჯგუფი და სხვა. თემი ერთ მძლავრ სამეურნეო-ეკონომიკურ ერთეულად იქცა, რომელიც სამშობლოში ახლობლებს და მეზობლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეებსაც ეხმარებოდა. დრომ თავისი გაიტანა და ეს ერთობა დაიშალა, მომრავლებული ოჯახები ცალკე გავიდნენ, სამსახურის გამო სხვა ქალაქებში მიმოიფანტნენ. მომდევნო თაობებმა დაკარგეს მშობლიური ენა, კავშირი ერთმანეთთან და სამშობლოსთან, თუმცა ბევრს დღემდე ახსოვს თავისი წარმოშობა.

 

ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს (კვებეკი) ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს. მალე ამერიკაც ჩაერთო ამ საქმიანობაში. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში და 1859 წელს ნევადაში ოქროს აღმოჩენას ნამდვილი `ოქროს ციებ-ცხელება~ მოჰყვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში `ციებ-ცხელება~ ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას ახალი აფეთქება მოჰყვა.

 

ჩვენ ამ ამბებს უპირატესად ჯეკ ლონდონის თხზულებებითა და ჩარლი ჩაპლინის გენიალური ფილმით ვიცნობთ, მაგრამ არაფერი ვიცით ქართველ ოქროსმაძიებელთა შესახებ, გივი კობახიძის ერთი წერილის `ქართველები კანადაში~ გარდა, რომელიც გურამ შარაძემ 1990 წელს გაზეთ `თბილისში~ გამოაქვეყნა. წერილში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაძირა ერთი ქართველი მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ. მაგრამ არ არის მითითებული, რამდენი შეიწირა ამ ლითონმა, რამდენს მოეცარა ხელი, რამდენი იმედგაცრუებული დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდა სამშობლოში, წარმატებას კი ერთეულებმა მიაღწიეს. მათ შორის იყო დიმიტრი მეტრეველიც, რომელმაც შორეულ კანადაში ქალაქი დააარსა, ალასკაზე კი ოქროს მაღაროები აამუშავა.

დიმიტრი დაიბადა 1895 წელს რაჭის სოფელ უწერაში, გლეხ ნესტორ მეტრეველის ოჯახში. სწავლობდა დურგლობას, წერა-კითხვას ჯერ სოფლის მღვდელთან, მერე უწერის ორკლასიან სასწავლებელში. ხშირად ესმოდა ამერიკისა და კანადის ამბები თანასოფლელთაგან. 1913 წელს 18 წლის დიმიტრიც გაჰყვა ერთ ჯგუფს ამერიკაში, სიეტლში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები. შემდეგ ვანკუვერში გადავიდა, სხვადასხვა ქალაქების მოვლის შემდეგ კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორში (ოქროს ხეობა) დასახლდა. დაოჯახდა. ცოლად ლიტვური წარმოშობის ქალი შეირთო. მათ სამი შვილი, ვაჟები და ავგუსტ-მიტო და ნესტორი, ქალიშვილი ემილია შეეძინათ. დიმიტრისაც შეეყარა `ოქროს ციებ-ცხელება~. მიაკვლია ოქროს ძარღვს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. პარტნიორი მისი სიძე, სახელგანთქმული ოქროსმაძიებელი რაშენ კიდი (უილიამ ბალცეიმერი) იყო. მათ შექმნეს პირველი ოქროსგადამამუშავებელი საწარმო `Bordulac Mines~. მუშებთან ერთად მაღაროს გარშემო სხვა ხალხიც დასახლდა, დაბას კი მისი გვარის მიხედვით ხალხმა ამერიკული მანერით `მეტრევილი~ უწოდა.

მიტო არ დაკმაყოფილდა კანადური მაღაროებით და ალასკაზეც აამუშავა მაღაროები, რომელსაც `მიტოს ანომალიები~ უწოდეს. მალე გამდიდრდა, მაგრამ მისი კეთილშობილი ბუნება სიმდიდრეს არ შეუცვლია _ უშურველად ეხმარებოდა თანამემამულეებს ამერიკაში. ბევრი ფეხზე დააყენა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ეხმარებოდა ასევე ამერიკელებს, ბალტიისპირელებს, უკრაინელებს და სხვებს. დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ საქართველოს ოკუპაციის გამო სამშობლოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

1929-1933 წლების ყველაზე ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკის ეკონომიკას და ბევრი მილიონერი გააკოტრა. მთელი სიმდიდრე დაჰკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და `ანომალიები~ დაცარიელდა, მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო. მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდნენ კანადის გაზეთები. ყველა აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში, თუმცა დიდი დეპრესიის შემდეგ მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა. 1945 წელს მაიკ მიტომ და მისმა ამერიკელი პარტნიორმა სალერნომ ტორონტოში ალმასის საბადო აღმოაჩინეს და ალმასის დამამუშავებელი სალმოტას საწარმო აამუშავეს.

1970 წელს დიმიტრი მეტრეველი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა ქალაქ ჰამილტონში. უფროსმა ვაჟმა, 1950-1953 წლების კორეის ომის ვეტერანმა ავგუსტმა (აგი) მიტომ განაგრძო მისი საქმე. მას XX საუკუნის 80-იან წლებში კომპანია `Augimitto Explorations Limited~ დამფუძნებელი და `Cache d'or Resourses Inc~ პრეზიდენტი იყო. აგის ფრანგული წარმოშობის ცოლი და ერთი ვაჟი _ მაიკი ჰყავს. როგორც ჩანს, მიტომ ამერიკაში ჩაიყვანა ოჯახის წევრები. მამამისი იქ 1936 წელს გარდაცვლილა, დაკრძალულია ვაშინგტონში. მიტოს ბიძაშვილის, ნესტორ იოსების ძე მეტრეველის ფოტო მოგვაწოდა ვახტანგ ლობჟანიძემ. იგი მომავალ სიძესთან, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად წასულა ამერიკაში. 20-იან წლებში დისათვის ეს ფოტო გამოუგზავნია, რომლის მეორე მხარეს იუწყებოდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამერიკის ჩემპიონი გამხდარა, 1970-1980-იან წლებში რუსთავის გაზეთის საშუალებით უცდია ნათესავების მოძებნა. იმ დროს მას ქალ-ვაჟი ჰყავდა. ფლობდა ოქროს სარეწებსა და აეროპორტს.

მეტრეველთა შორს ჯერ ვერ მივაკვლიეთ დიმიტრი მეტრეველის ახლობლებს, კანადაში მოგზაურობისას კი ერთმა ქართველმა გზად გაიარა ქალაქ მეტრევილში _ დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი თურმე ისევ არსებობს კვებეკთან...

ამერიკისა და კანადის ავიამრეწველობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა კონსტრუქტორმა მიხეილ გრიგორაშვილმა. ის ავტორი და გამომგონებელია ვერტმფრენთა საჰაერო ხრახნების, პირველი ტურბორეაქტიული სამხედრო თვითმფრინავების, გასახსნელი უკანა ლუკისა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში და სხვა. მისი სახელგანთქმული მოდელებიდან აღსანიშნავია გარდენ-სიტიში დაპროექტებული `Royal Bird~ (სამეფო ფრინველი) და პირველი ჰელიკოპტერი, ერთ-ერთი საუკეთესო ავიაგამანადგურებელი `ბიპლანი~ FDB-1 და სამხედრო-სატრანსპორტო C-123. სამწუხაროდ, ის რუს კონსტრუქტორად ითვლებოდა და ნაკლებად იყო ცნობილი თვით ქართულ ემიგრაციაშიც კი. ქართველმა მკითხველმა იგი საკმაოდ გვიან, 2002 წელს გაიცნო.

მიხეილ გრიგორაშვილი 1888 წელს დაიბადა დერბენდში, სადაც მამამისი ლეონტი გრიგორაშვილი საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა, ბავშვობა კი ბაქოში გაატარა. 1905 წელს ლეონტი სამსახურიდან გადადგა და გორში დასახლდა. მისი მეუღლე კი შვილებთან _ მიხეილსა და ნინოსთან ერთად სანკტ-პეტერბურგს გაემგზავრა მათთვის კარგი განათლების მისაცემად. საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტში მიხეილი ავიაციით დაინტერესდა და გაზეთი `აერომობილის~ რედაქტორი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სხვა ენთუზიასტებთან ერთად, `რუსეთის საიმპერატორო აეროკლუბი~ დააარსა. 1911 წელს ცოდნის გასაღრმავებლად საფრანგეთს გაემგზავრა პიშოფის საზაფხულო სკოლაში, სადაც პილოტის მოწმობა მიიღო, გახდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი და რამდენიმე წარმატებული გაფრენა მოაწყო. პარიზში ეიფელის ლაბორატორიაში ააგო თავისი პირველი საფრენოსნო აპარატი `Россия А~, შემდეგ კი გაუმჯობესებული `Россия В~, რომელიც პირველი რუსული სერიული მონოპლანი გახდა. იქვე მისი კონსტრუქციით თვითმფრინავების საჰაერო ხრახნები მზადდებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შჩეტინინის ავიასამშენებლო ქარხანაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. 1915 წელს მთავარ კონსტრუქტორად გადავიდა ქარხანა `მელცერში~, სადაც გრიგორაშვილმა იქ თავისი სისტემის ხრახნები დაამზადა. `მელცერმა~ მათი სერიული წარმოება დაიწყო და წამყვან საწარმოდ იქცა.  

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მიხეილს პარიზში მოუსწრო. სამშობლოში ჩამოვიდა ეროვნული საავიაციო მრეწველობის შესაქმნელად, მაგრამ არც სახსრები და არც კადრები მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა. იძულებული გახდა გზათა სამინისტროში ემუშავა. საქართველოსOოკუპაციის შემდეგ კი ის ემიგრაციაშია Gelendet Airkraft~ საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად მუშაობდა. მალე სხვა რუს ემიგრანტ ავიატორებთან ერთად, `Gregor~-ის გვარით დეიტონში, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სამსახურის სამეცნიერო-კვლევით და საფრენოსნო-საცდელ ცენტრში `Daiton rait~ გადავიდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, სადაც ზედიზედ შექმნა თვითმფრინავთა მოდელები. 1923 წელს ლონგ-აილენდზე, გუარდიან-სიტიში განლაგებული ამერიკაში უმსხვილესი საავიაციო ფირმა `Ketrtis Rait~ კონსტრუქტორი გახდა, სადაც სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავთა მთელი ოჯახის დამუშავებაში მონაწილეობდა. გახდა მთავარი კონსტრუქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი ფირმა `Bed airkraft~-ის, სადაც ბევრი მრავალფუნქციური კომერციული თვითმფრინავი შექმნა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1926 წელს მოქალაქეობა მიიღო. სიკორსკისთან ერთად დაარსა რუსული ფირმა, სადაც მისი უახლოესი თანაშემწე 1927 წელს ამერიკაში ჩასული ალექსანდრე ქართველიშვილი გახდა, მაგრამ შეკვეთები ძალიან მცირე იყო და ფირმა დიდი დეპრესიის მსხვერპლი შეიქმნა. კანადური ფირმა `Kaar and Faundry~- მიწვევით ონტარიოს რაიონში, ფორტ-უილიამში გადასახლდა. ხელისუფლება იქ ავიამშენებლობის აწყობას აპირებდა, ამიტომ გრიგორაშვილს თავისი პროექტების რეალიზების საშუალება მისცეს. კანადაში თავის ცოლთან, ლი კლარკთან ერთად გადასახლდა. დაამთავრა ადრე დაწყებული `Meipl Lif~. ამასთან, ამზადებდა თვითმფრინავების სერიულ წარმოებას ამერიკული ლიცენზიით. ამდენად, იგი კანადური საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა.

1932 წელს მიიღო თავისი ძველი პეტერბურგელი ნაცნობის მფრინავისა და ინჟინრის, . პროკოფიევ-სევერსკის წინადადება _ დაეკავებინა მის ახალი ფირმაში `Severski Airkraft~ მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის ადგილი. უშუალო მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავთა `SEV-1~, `SEV-2~, `SEV-3~ და მათი მოდიფიკაციების შექმნაში. სევერსკისთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ფირმა დატოვა და ლონგ-აილენდზე თავისი ფირმა `Gregor Airkraft~ დააარსა, სადაც ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი `GR-1~ დააპროექტა. 1938 წელს შექმნა გამანადგურებელ-ბომბდამშენი `Kaar and faundriy FDB-1~. ის ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელ-ბომბდამშენი იყო მსოფლიოში. მაგრამ იმ სქემის თვითმფრინავების დრო უკვე წასული იყო და სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვიათ.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი მუშაობდა ინდიანას შტატში, პატარა ფირმა `Danbar||Manuufakcuring~ და კანადური ავიამრეწველობისათვის თვითმფრინავების კონსტრუირებას განაგრძობდა. 1944 წელს . სტრუკოვის მიწვევით ახალ ფირმაში `Ceiz Airkraft~ მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1940-1950-იან წლებში ფირმამ რამდენიმე ძალიან კარგი სადესანტო-სატრანსპორტო პლანერი და თვითმფრინავი შექმნა, რომლებმაც ამერიკაში ამ ტიპის თვითმფრინავების კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი. 1953 წელს სტრუკოვის ფირმა გაიყო _ `Ceiz~ და `Strukov Airkraft~. გრიგორაშვილი პირველში დარჩა.

1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123, რომელსაც შეეძლო ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენა გახსნილი ლუკით, დაჯდომის გარეშე ტვირთის გადმოქაჩვა და სიმაღლის სწრაფად აღება. თვითმფრინავმა განსაკუთრებული ყურადღება ვიეტნამის ომის დროს მიიქცია, სადაც არ იყო დიდი ასაფრენი ბილიკები. ამ მხრივ თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა. 1963 წელს იგი გააუმჯობესეს _ აღჭურვეს 2 შიდაწვისა და ტურბო-რეაქტიული ძრავებით. სწორედ გრიგორაშვილის ამ თვითმფრინავებს იყენებენ ჰოლივუდის რეჟისორები ვიეტნამის ომზე გადაღებულ ფილმებში.

1940-იანი წლების ბოლოდან მძიმედ დაავადებული ავიაკონსტრუქტორი, გარდაიცვალა 1955 წელს. დაკრძალულია ნიუ ჯერსის შტატში.

კანადაში არსებული აფხაზების ბაღის შესახებ პირველად 1988 წლის ემიგრანტულ ჟურნალ `გუშაგში~ ნიკოლოზ აფხაზის ნეკროლოგიდან გავიგე. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია A Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს მომრავლდა საიტები და ვიდეო-რგოლები ამ ბაღის ულამაზესი ხედებით, მაგრამ ალბათ ბევრმა არც იცის, რომ ბაღი ეროვნული გმირის კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება, რომლის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ არაფერი იცოდა. მხოლოდ ქართული ემიგრაცია იცნობდა მას და ინახავდა მის ნათელ ხსოვნას....

ნიკოლოზ აფხაზი დაიბადა 1899 წლის 14 მაისს, დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზი და დედამისი ელენე საფრანგეთში გაიხიზნენ და ელოდებოდნენ კოტეს აფხაზის ჩასვლას. 1923 წელს სამხედრო ცენტრის, . აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა თავის თავზე და დედაზე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ჰქონდა კერძო პრაქტიკაც. მისმა კლიენტებმა და მეგობრებმა, მდიდარმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა კელებმა სამეურვეოდ მიანდო შესანიშნავი კარ-მიდამო და 120 ოთახიანი სასახლე, სადაც დედასთან ერთად დიდებულად ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომამდე. აფხაზები გახდნენ ქართული სათვისტომოს წევრები. ელენე იყო პარიზის ეკლესიის დაარსების მოსამზადებელი კომიტეტის წევრი, `ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტის“ თავმჯდომარე, მეგობრობდა ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მისი ვაჟიშვილის _ ჯამლეთის ნათლიაც გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი ებრძოდა გერმანელ ნაცისტებს. ტყვედ ჩავარდა, რამაც დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. მხოლოდ 1944 წელს გათავისუფლდა, 1946 წელს კი კანადაში გადასახლდა.

1921 წელს ნიკოლოზმა პარიზში გაიცნო მშვენიერი მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი ნიკოლოზის მსგავსად, გოგონასაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. 3 წლის დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბედნიეროდ, ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა და ოჯახური სითბო აჩუქა. მამობილის გარდაცვალების შემდეგ დედობილთან ერთად მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ნიკოლოზთან მიმოწერა ჰქონდა, მეგობრობდა, ხვდებოდა, როცა პარიზში ჩადიოდა. მაგრამ მათი გზები დიდი ხნით გაიყარა.

1939 წელს, დედობილის გარდაცვალების შემდეგ, პეგი დასახლდა შანხაიში, იმ ქალაქში, სადაც დაიბადა. 1937 წელს ქალაქი იაპონიამ აიღო. იაპონიის მიერ ამერიკული ბაზის პერლ-ჰარბორის დაბომბვისა და ამერიკის ომში ჩაბმის შემდეგ პეგი დაიჭირეს. ტყვეობის დროს ჩანაწერებს აკეთებდა, რომელთა საფუძველზე 1981 წელს გამოსცა წიგნი `უცნაური გალია~. იმ დროს ნიკოლოზიც  გერმანელთა ტყვე იყო, მხოლოდ სხვა კონტინენტზე. გათავისუფლების შემდეგ პეგიმ მიიღო ვიქტორიადან ძველი მეგობრების, მაკენზების მიპატიჟება. გაყიდა შანხაიში თავისი ქონება და 1945 წლის ბოლოს კანადაში გადასახლდა. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის სამხრეთ ნაწილში იყიდა მოზრდილი კლდოვანი და სარეველებით სავსე ნაკვეთი. იქირავა მუშები, დეკორატორი და არქიტექტორი, რომელმაც დაუპროექტა საზაფხულო სახლი. 1946 წლის შემოდგომისათვის უკვე მზად იყო სახლი და პირველი გაზონები.

1946 წლის იანვარში, პეგიმ ნიკოლოზის პირველი წერილი მიიღო. შემოდგომაზე ნიუ-იორკში დათქვეს შეხვედრა. შეხვედრა მალე ნიშნობით დასრულდა. 1946 წლის ნოემბერში ახალდაქორწინებულები ვიქტორიაში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ბაღის მოწყობას, დახვეწილი მანერებით, გემოვნებით, მუსიკისა და ხელოვნების სიყვარულით და, რა თქმა უნდა, ულამაზესი ბაღით, წყვილმა მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი სულის გამოხატულება. 40 წელი ხვეწდნენ, ატარებდნენ ექსპერიმენტებს და ანახლებდნენ ბაღს.

მათ სიციცხლეშივე ბაღი შესანიშნავი ლანდშაფტური პეიზაჟით, გუბურებით, რომელსაც იხვები და სხვა ფრინველები სტუმრობენ და საოცარი ნარგავებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ მნახველს იზიდავდა. მათ შორის, სახელმწიფოთა მეთაურებს და ცნობილ ადამიანებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როდოდენდრონების კოლექცია, რომელთაგან ერთი აფხაზების გამოყვანილია. 1987 წელს ამერიკის როდოდენდრონის მოყვარულთა ასოციაციამ საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ვიქტორიაში ჩაატარა, რათა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა მისცემოდათ აფხაზების ბაღის კოლექციით დამტკბარიყვნენ. ნიკოლოზს და პეგის შვილები არ ჰყოლიათ და ეს ბაღი გახდა მათი შვილი. ბაღი, რომელიც, როგორც პეგი წერდა `სიყვარულით აშენდა~. კატარინა გორდონმა წიგნში `უცნაური ცხოვრება~ აღწერა ბაღისა და მისი პატრონების, მართლაც რომ უცნაური და საოცარი ისტორია.

ნიკოლოზ აფხაზი გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს, პეგი _ 1994 წლის 14 ნოემბერს. ანდერძის მიხედვით, კრემაციის შემდეგ, მათ ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს. რათა მათ სულებიც ბაღში დარჩენილიყვნენ.

ბაღმა რამდენიმე პატრონი შეიცვალა. ბოლოს ბაღი სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და ბაღის გადასარჩენად მთელ ქვეყანაში კამპანია გაიმართა. ბაღის შესანარჩუნებლად არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდიოდა შეწირულობები. საბოლოოდ 2000 წლის 17 თებერვალს მფლობელმა კომპანია TLC- გამოისყიდა ეს ულამაზესი ბაღი.

ბაღი ძველებურად სავსეა ტურისტებით, მკვლევრებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და `სიყვარულის ბაღშიც~ ხშირია ქორწინების რიტუალები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებსა და კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს...

აფხაზების ბაღი გადარჩა. ნიკოლოზისა და პეგის სულები ალბათ ბედნიერები არიან, რომ მათი სიყვარულით ნაშენი ბაღი დღესაც ცოცხლობს...

კანადაში მოღვაწე ქართველი პოეტი, პროფესიით ინჟინერი გიორგი ლოლუა გურამ შარაძემ გაგვაცნო 1990 წელს, ვრცელი ნარკვევი კი 1993 წელს შეიტანა სამტომეულის „უცხოეთის ცის ქვეშ~ მე–2 ტომში. 1997 წელს ტელევიზიის პირველ არხზე პატარა სიუჟეტიც მოვამზადეთ, თუმცა ჩვენი საზოგადოება მაინც ნაკლებად იცნობს ამ შესანიშნავ ადამიანს და მის პოეზიას.

გიორგი ალექსანდრეს ძე ლოლუა დაიბადა 1919 წლის 9 ივნისს სამეგრელოს სოფელ ზემო ქვაცონში ალექსანდრე ლოლუასა და მინადორა ფანცულაიას ოჯახში. 1920 წელს მამა გარდაეცვალა და დედამ გაზარდა. 1936 წელს დაამთავრა თბილისის #1 საშუალო სკოლა, 1941 წელს კი _ საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყებისთანავე, 1941 წლის ზაფხულში გიორგი ლოლუა მოხალისედ წავიდა, იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე. ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ემიგრანტებმა გამოიხსნეს და ქართული ბატალიონში ჩაწერეს. ერთხანს  პარიზში ცხოვრობდა, 1944 წელს მისი ნაწილი გერმანელებმა ჩრდილო იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია.

ომის შემდეგ გამარჯვებულმა საბჭოთა მხარემ ყოფილი ტყვეებისა და ლეგიონერების გადაცემა მოითხოვა. ინტერნირებულებს საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის სხვადსხვა საოკუპაციო ბანაკებში უყრიდნენ თავს. იქიდან კი ისინი ხშირად პირდაპირ ციმბირის ბანაკებში ხვდებოდნენ. ამიტომ გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა და მიუხედავად ომისშემდგომი დიდი ეკონომიკური სიდუხჭირისა, მილანელ ქალიშვილზე დაქორწინდა.

1947 წელს გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველები, ვინც ვერ მოასწრო დასავლეთისთვის თავის შეფარება, სსრ კავშრირს მოთხოვნით საფრანგეთისა და იტალიის სოციალისტურმა მთავრობებმა `კოლაბორაციონიზმის~ ბრალდებით დააპატიმრეს. ევროპაში კი ომის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგაც _ 1950 წელს იტალიაში კუნძულ ლიპარის ბანაკში ტყვედ იმყოფებოდა და შველას ითხოვდა 11 ქართველი. მათ შორის: გიორგი ლოლუა, დიმიტრი სინჯიკაშვილი, სერგო გაბუნია, ალექსანდრე გავაშელი, ნიკო თოფურია და სხვები. მაგრამ ლიპარი მაინც ჯობდა ციმბირის ბანაკებს, სადაც გაგზავნეს ის ტყვეები, რომლებიც `ენკავედემ~ ხელთ იგდო. საბედნიეროდ, საბჭოელებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ეს ქართველები კრიმინალები იყვნენ. ამ დროს `ცივი ომი~ უკვე დაწყებული იყო (1946), ქართველთა ერთკვირიან შიმშილობა კი `ნატოს~ (1949 წლის 4 აპრილი) დაარსებას დაემთხვა. მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარე ალექსანდრე კორძაიამ შუამდგომლობა აღძრა და ტყვეთა გათავისუფლებაზე მემორანდუმით მიმართა იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, ვატიკანს, ჟენევის წითელ ჯვარს. 1951 წელს ტყვეები გათავისუფლეს და ნეაპოლთან სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, სადაც გადაწყვეტდნენ, თუ სად უნდოდათ წასვლა. ემიგრანტების ძალისხმევით ისინი ბანიოლადან გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს

ამ დროს დედამისი შუა აზიაში გაასახლეს. უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილზე მგლოვიარე დედას სულ სიხარულით ჩაულაგებია სამგზავრო ნივთები: `ჩემი ბიჭი ცოცხალი ყოფილა, ისე ხომ არ გამასახლებდნენო~. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სამშობლოში დაბრუნდა, მინადორა ფანცულაიამ ნიკო ნაკაშიძის დისთვის გამოგზავნილი წერილიდან შეიტყო, რომ მისი შვილი კანადაში ცხოვრობდა. 33 წელი იყო ერთ-ერთ უდიდესი, ჰამილტონის მთავარ მეტალურგიულ ქარხანაში საამქროს მთავარ ინჟინრად, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.

ლექსების წერა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო. ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება, რომელზეც ელო ანდრონიკაშვილს წარწერა გაუკეთებია, თავად ელოსათვის კი გადაუწერია ერთ-ერთის საუკეთესო ლექსი `ქარი გეტყვის ამ სიმღერებს~: `ქარი წავა...Qქარი მოვა...Qქარს რა ქარი გააჩერებს, სტრიქონს დავწერ... სტრიქონს წავშლი... ლექსს სტრიქონი ააჟღერებს, შორით გიმზერ, შორით გიმღერ... ქარი გეტყვის იმ სიმღერებს...~

1941-1942 წლებში გაზეთ `კომუნისტში~, შემდეგ `თბილისში~ დაიბეჭდა ლოლუას რამდენიმე ლექსი. მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებშიც. ომის წლებში რამდენიმე ლექსი ბერლინში ჟურნალ `ქართველ ერში~ და გაზეთ `საქართველოში~ გამოქვეყნდა. ომის შემდეგ ერთი ლექსი ნინო და კალისტრატე სალიების ჟურნალში „ბედი ქართლისა~ დაიბეჭდა, 2 ლექსი ბუენოს-აირესში ვიკტორ ნოზაძის მიერ დაარსებულ ჟურნალ `მამულში~ დაიბეჭდა. ისინი ჯერ კიდევ 1944 წელს გაუგზავნია ლოლუას ნოზაძისათვის ბერლინური ჟურნალისათვის „ქართველი ერი~, რომლის გამზადებული 2 ნომერი ბერლინის დაბომბვისას განაგურდა. `მამულში~ დაბეჭდილი ლექსების წინასიტყვაობაში ნოზაძე ყველას თხოვდა ლოლუას მისამართს. ამ ორმა ლექსმა გრიგოლ რობაქიძის ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა: `ტფილისური ნატურმორტები~ ლოლუასი სხვა რიგის ლირიკაა. ასურათებულია ჩვენი დედა-ქალაქი დილით. ეს `ასურათება~ შედევრია ნამდვილი. ქართველ მგოსანთა შორის ყველაზე უფრო მოხვდება გულში . გრიშაშვილს, რომელიც ყველაზე უფრო გზნებს ძველ ტფილისს და ემარჯვება თანაც ამ გზნების მგოსნური გამოსახვა... წავიკითხე ეს შაირი: გავიხარე როგორც მწერალმა და როგორც ქართველმა~,_ წერდა რობაქიძე ლოლუას ლექსზე ჟურნალში `ბედი ქართლისა~. ეს ლექსი ეხმაურება გრიშაშვილის დილის თბილისს და მოულოდნელ ფინალს გვთავაზობს:

`ბერ ნარიყალას აღვიძებენ ჩიტნი გალობით,

ჟივილ-ხივილით დაარხიეს ცაცხვის ტოტები,

მე კი პარიზში ჩემს ქალაქზე ფიქრის წყალობით

დავასურათე თბილისური ნატურმორტები~.

1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუას გურამ შარაძისათვის გამოუგზავნია.

ლოლუას თავად უთარგმნია ერთი ლექსი ინგლისურად და ადგილობრივ გაზეთში გამოუქვეყნებია. დაუწერია მოთხრობებიც, რომელთა ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოუსწრია. უკურნებელი სენით დაავადებული გიორგი ლოლუა ცოლს, რომელმაც ქართული არ იცოდა, სთხოვდა მასთან ქართულად ელაპარაკა და ამ სიტყვებით `მხოლოდ ქართულად მელაპარაკეთ~ დალია სული 1990 წლის 21 დეკემბერს.

გიორგი ლოლუას 3 შვილი _ სანდრო, ლეილა და სანდრა კანადაში ცხოვრობენ. 2012 წლის ზაფხულში 93 წლის ემიგრანტი ნიკო თოფურია კიდევ ერთხელ ჩამოვიდა სამშობლოში ქალიშვილთან და ამერიკელ სიძესთან ერთად. მისი მოწვევით მამის სამშობლოს პირველად ეწვია გიორგი ლოლუას უფროსი ქალიშვილი ლეილა მეუღლესთან ერთად. როცა ვაჩვენეთ გურამ შარაძის წიგნში დაბეჭდილი ლექსები და ვუთხარით, რომ მამამისი კარგი პოეტია, ძალიან გაუკვირდა. ვხედავდით, რომ წერდა ხოლმე, მაგრამ ლექსებს თუ წერდა არ ვიცოდითო. ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა მუზეუმში დაცულ მასალებს შორის მამამისის ხელნაწერი კრებულისა და ემიგრანტულ პრესაში გამოქვეყნებული ლექსების ხილვა. მუზეუმის უფროსმა სპეციალისტმა რუსუდან კობახიძემ სურვილი გამოთქვა, რომ შეგროვდეს გიორგი ლოლუას ყველა ლექსი და ერთ კრებულად გამოიცეს. როგორც ქალბატონმა ლეილამ აღნიშნა, მამის არქივი მის დასთან სანდრასთან ინახება და აუცილებლად ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან ამ იდეის ხორცშესასხმელად.

კანადაში მცხოვრებ ემიგრანტთაგან გამორჩეული ამ ოთხი ქართველის _ დიმიტრი მეტრეველის (მაიკ მიტო), მიხეილ გრიგორაშვილის, ნიკოლოზ აფხაზისა და გიორგი ლოლუას სახელი დიდხანს იყო დაფარული მათ სამშობლოში. მხოლოდ ბოლო წლებში გახდა ქართველი საზოგადოებისათვის ცნობილი მათი ცხოვრება და ღვაწლი.

 


ლიტერატურა

 

1.        დაუშვილი . ქართული ემიგრაცია ამერიკაში, თბ. 2014

2.        თოფურია . სადაურსა სად წაიყვან. ნიუ-იორკ-თბილისი, 1998

3.        იანტბელიძე . ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი `მეფეები~ _ გაზ. `ახალი ეპოქა~, 2002, 6-12 XII, გვ.14

4.       კობახიძე . ქართველები კანადაში _ გაზ. `თბილისი~, 1990, 9,  14-17 V, გვ.4, 6

5.        მარდალეიშვილი . ქართველი კაცი ამერიკული თვითმფრინავების შემქმნელი _ გაზ. `საქართველოს რესპუბლიკა~, 2002, 22 X, გვ.4

6.        ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალება _ ჟურნ. `გუშაგი~, პარიზი, 1988, #15, გვ.84-85

7.        ნოზაძე . (კომენტარი გიორგი ლოლუას ლექსებზე) _ ჟურნ. `მამული~, ბუენოს-აირესი, 1952, #5, გვ.135

8.        რობაქიძე გრ. დღიურითგან _ ჟურნ. `ბედი ქართლისა~, პარიზი, 1952, #14, გვ.22

9.        შარაძე . უცხოეთის ცის ქვეშ, . II, თბ. 1993

10.     Михеев В. Михаил Григорашвили ( Грегор). М., 2002

11.      Jonathan G. Kirton CANADIAN CAR & FOUNDRY Aircraft Production at Fort William on the Eve of World War II, 2009

12.     Gordon K. A Curious Life - The Biography of Princess Peggy Abkhazi, Sononis Press, Canada, 2002

 

 

Retour dιbut